საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ზბიგნევ რაუს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და ამ მიმართულებით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
დარჩიაშვილი ამბობს, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. მისი თქმით, მინისტრს გააცნო "კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა საქართველომ უკრაინელების მხარდასაჭერად".
"საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით. ბატონ მინისტრთან მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა, რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, თუ რა რეფორმები გატარდა, ძირითადი ნაწილი ვიცით რომ შესრულებულია და ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ეს პრიორიტეტები დავხუროთ, შევასრულოთ ვალდებულებები და საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია.
ჩვენ შევეხეთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ მინისტრს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით უკრაინის, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ განახორციელა უკრაინის მისამართით. ვისაუბრეთ მომავალში ჩვენს ახლო კოორდინაციაზე ამ მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ფასეულია და ვიმსჯელეთ, გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დავაახლოოთ ჩვენი ორი ქვეყანა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ბევრია კიდევ გასაკეთებელი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ამაზეც ვისაუბრეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მსჯელობას, როგორ მოვახდინოთ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და ამისთვის გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს", - თქვა დარჩიაშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ზბიგნევ რაუ საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.